რემონტი - ჯოჯოხეთიდან ნეტარებამდე

20
ივნ

რემონტი - ჯოჯოხეთიდან ნეტარებამდე

გზამკვლევი დამწყებთათვის

ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გადახედავ სახლის კედლებს, მზერას მიაპყრობ ჭერს, დახედავ იატაკს და მიხვდები რომ შენს ცხოვრებაში სწრაფი რემონტი გარდაუვალია.

ის რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა, ვინაიდან საერთოდ არ იცი რითი დაიწყო, უკვე მოხდა!

თავიდან ფიქრობ, რომ კედლებს შეღებავ ან ახალ შპალერს გააკრავ და მორჩება, იქნები სუფთად და დალხენილად, მაგრამ არ შეცდე, ეს არის ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომა! არ არსებობს კედლის განახლებით დასრულებული რემონტი, რადგანაც მერე აღმოჩნდება რომ კედელთან მიმართებაში ჭერია ჩამუქებული, იატაკი გაცვეთილი და სააბაზანოში რომელიღაცა მილი არაბუნებრივ ხმებს გამოსცემს...

ამიტომ ღრმად შეისუნთქე და მიყევი ცვლილებების დინებას.

და აქ შენ უშვებ საბედისწერო შეცდომას - მიდიხარ ელიავაზე მარტო და მნიშვნელობა არ არის მამაკაცი ხარ თუ ქალი.

ამ პარალელურ რეალობაში, რომელსაც ელიავა ეწოდება შენ აღმოაჩენ რომ ის „კალენა“ ამ „ტრუბაზე“ არ მიდის, მაგრამ თუ გინდა რომ წავიდეს, უნდა წახვიდე ნუგზართან, რომელიც ამ შეუთავსებლებს მოქლიბვის გზით შეათავსებს. რომ შპალერის წებო კაია რუსული, მაგრამ აქვთ მხოლოდ ჩინური და რუსული არ აქვთ. რომ თურქულიც არაუშავს, მაგრამ რუსული ჯობია. და შენ იტანჯები იმ განცდით რომ ვერ იშოვე ის რაც ჯობია,შესაბამისად შენი სწრაფი რემონტი დაუსრულებელ რემონტად იქცა...

მერე შენ იგებ რომ ლამინატის ღრუბელი იწვევს კიბოს, მაგრამ, არაუშავს, მაინც წავა. ამის მერე შენ იწყებ თაბაშირსა და კერამიკულ თაბაშირს შორის განსხვავების შესწავლას. მერე ხვდები რომ ფუგა არის კერამიკულ ფილებს შორის წასასმელი ნაზავი და არა მუსიკასთან კავშირში მყოფი რამ. მერე ეძებ 8 ნომერ „შკურკას“ და სამ ლურსმანს, რომელიც დაგაკლდა...

და შენი ცხოვრება გრძელდება ელიავაზე. სულ. მუდამ და ამის სასრული არ არის.

და ხელოსნები.. ხელოსნები, რომელიც რემონტისთვის დაიქირავე მოძრაობენ ამ განზომილებათა სისტემასთან სრულ აცდენაში. ის, რომელიც უნდა მოსულიყო დილით და ჩამოეხია ძველი შპალერი (რას ვერჩოდი, ღმერთო, რატომ დავიწყე), მოდის საღამოთი. ხოლო ის, რომელიც უნდა მოსულიყო, უკვე ჩამოხეულ შპალერზე, „მალიარი“ დიდოსტატი, რომელიც გაგაცნო გარე ბიძაშვილის მამიდამ, მოდის ჩამომხევამდე და ამბობს რომ სანამ არ ჩამოხევენ მისი საქმე არ არის და მიდის. სანტექნიკოსი, პიქით, მოდის დროზე და აძრობს უნიტაზსს და მიდის. სულ მიდის და აღარ მოდის.. და შენ დადიხარ მეზობელ გულიკოსთან და გრცხვენია.

მერე შენ მიდიხარ მკითხავთან და ატრიალებ თეფშს, იხმობ კალიკრატეს (პართენონი აქვს აშენებული) და სთხოვ დახმარებას.

და ბოლოს ხვდები, რომ რაღაც დააშავე წინა ცხოვრებაში და ისჯები.

არადა არ ისჯები. უბრალოდ ის საქმე დაიწყე, რომელიც არ იცი და ძალიან გვიან ხვდები, რომ არსებობს ხალხი, რომელმაც მშენებლობა, ხარისხიანი რემონტი და თანამედროვე დიზაინი იცის და მათ შეუძლიათ ეს ჯოჯოხეთი სასიამოვნო! სასიამოვნო პროცესად გიქციონ...

ხოლო ეს შემდეგი ბლოგის თემაა. დამელოდეთ!