როგორ გავანათოთ ოთახები?
შუქი, ის რაც ძალიან გვჭირდება და ამას ვაცნობიერებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს შუქი გვაკლია. ამიტომ, საცხოვრებელი ფართის განათება, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ინტერიერის დიზაინის დაგეგმვისას.
რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია ოთახების განათების შესახებ. ზოგს ნათელი და მკვეთრი განათება ურჩევნია, ზოგს მყუდრო და მიმქრალი. მნიშვნელოვანია ასევე სანათის ფორმა, დენის პატრონების რაოდენობა, თავად ნათურების ნათების ფერი - თეთრი თუ ყვითელი ნათება და მრავალი სხვა ნიუანსი.
ამიტომაც, უნივერსალური რჩევები ამ მიმართულებით, ძნელი მისაცემია, თუმცა არსებობს გარკვეული გაიდლაინები იმ ზონების შესაბამისად, თუ რომლის განათებასაც ვაპირებთ.
დაგვეთანხმებით, საძინებლის და სასტუმრო ოთახის განათება ვერ იქნება ერთნიარი. ასევე განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს კაბინეტის, სამზარეულოს და აბაზანის განათბაც.
ყველაზე ნათელი ოთახი, უდავოდ უნდა იყოს აბაზანა. აბაზანაში ქალები იკეთებენ ვარცხნილობას, მაკიაჟს. მამაკაცები ემზადებიან სამსახურში წასასვლელად. ამიტომ, აბაზანაში რამოდენიმე შუქის წყარო აუცილებელია და მათ შორის სარკის სანათი. ამასთან სარკის სანათი თეთრი ნათბის უნდა იყოს. ცალკე შესაძლებელია განათდეს საკუთრივ აბაზანის ზონა. აქ ნათება შეიძლება იყოს ინტიმური, დამამშვიდებელი, ვინაიდან დაღლილებს ძალიან გვიყვარს სურნელოვანი აბაზანის მიღება და მოდუნება.
საბავშვო ოთახში შუქი უნდა იყოს რბილი და ბავშვის ჩაძინებას უნდა უწყობდეს ხელს. მწვანე აბაჟურიანი მაგიდის სანათი მხედველობაზე ძალიან კარგად მოქმედებს.
კაბინეტის განათებაც ზონალური უნდა იყოს. მაგიდის სანათი კარგად უნდა მოიცავდეს სამუშაო ზედაპირს. სავარძლისა და წიგნის თაროების განათბა შესაძლებელია ინდივიდუალური იყოს.
მიმქრალი ნათება საკმარისია საძინებლისთის. სანათებზე ნაჭრის აბაჟურები იდეალურად მოუხდება საძინებლის კონცეფციას. შუქი შეიძლება იყოს ტონირებული, საერთო ფერის გამაში.
სასტუმრო ოთახს რომ ვახსენებთ, ეგრევე ცენტრალური ბროლის ჭაღი გვახსენდება, თუმცა გემოვნება იცვლება და ამიტომ, დღეს სასტუმრო ოთახის განათება სულაც არ გულისხმობს დიდრონ ერთ ჭაღს, არამედ, ასევე ზონალურ აქცენტებზე იღებს ორიენტაციას. ჩვენ შეგვიძლია გავანათოთ ოთახის ცენტრი, ან ის ადგილი სადაც დგას მაგიდა, ასევე გავანათოთ სამეულის ზონა, პატარა ბრები დავაყენოთ კედლებზე და შუქი ვცვალოთ განწყობის და საჭიროების მიხედვით: გავაჩახჩახოთ, როცა სტუმრებს ვუმასპინძლებთ ან მყუდროთ გავანათოთ როდესაც მეგობრებთან ჩამოვსხდებით საჭორაოდ.