ნაკუწების ხელოვნება
პეჩვორკი ფერადი ნაკუწებისგან ერთიანი სურათის ან ნაწარმოების შექმნის ხელოვნებაა. დღეს ის ახალი და ძალიან ტრენდული მიმდინარეობაა ინტერიერის დიზაინში. პეჩვორკი შეიძლება იყოს კერამიკული, ნაჭრის, კედლის და ასე შემდეგ.
უმთავრესად, პეჩვორკი კერამიკულ ფილაზეა გავრცელებული. აბაზანაში, სამზარეულოში, თუნდაც სასტუმრო ოთახში ან საძინებელში, ის ყველგან ახლებურად ააჟღერებს ინტერიერს.
მონოქრომულ ინტერიერში, პეჩვორკის ჩანართები, საინტერესო აქცენტებად აჟღერდება და ხაზს გაუსვამს იმ ზონას, რომელიც თქვენ გსურთ. მაგალითად სამზარეულოში სამუშაო ზონის ეგრეთ წოდებული „წინსაფარი“, ან აბაზანის ერთი კედელი, სასტუმრო ოთახის ის კედელი, რომელიც მაგიდას ებჯინება. პეჩვორკი შეგიცვლით ფერად ხალიჩებს და კედლის პანოებს.
პეჩვორკის ტექნიკა შეგიძლიათ ვიტრაჟებში გამოიყენოთ - ფერადი შუშების ნაკუწებიდან აწყობილი შიდა ვიტრაჟი კედლის მაგივრად, ან ერთი სარკმელი, მაგალითად სამზარეულოსი ან აბაზანის იქნება ის დეტალი, რომელიც თქვენს ინტერიერს განუმეორებლობას შესძენს!
გაითვალისწინეთ ერთი რამ: პატარა ზომის ოთახებში პატარა ზომის ნაკუწებისგან აწყობილი პანოები გამოიყენეთ, ხოლო დიდი ზომის ინტერიერებში თამამად ცადეთ დიდი ზომის პეჩვორკები.
და ბოლოს, პეჩვორკი ასევე შესანიშნავად გამოიყენება იატაკზე. არა, მთელ ბინასა თუ სახლში ფერადი იატაკის დაგებას არ გთავაზობთ, მაგრამ სამზარეულოში ან სააბაზანოში, რატომაც არა?