დეკორი

02
სექ

დეკორი

მოვრთოთ სახლი

ინტერიერის შექმნისას გვერდს ვერ ავუვლით აქსესუარებს. ორიგინალური და მოდური წვრილმანების გარეშე ის ვერ შეიძენს იმ განუმეორებელ სულს, რომელიც სახლს თქვენს თარგზე „გამოჭრის“. 

არ არის აუცილებელი უფუნქციო აქსესუარები დაახვაოთ. ასე სახლს საწყობად აქცევთ. აქ სპეციალისტების რჩევაა აუცილებელი, რომლებსაც აი აქ მოძებნით: http://offer.buildinghouse.ge/

დეკორატიული ელემენტები ფუნქციონალური უნდა იყოს და თვალის გახარების დანიშნულების გარდა, სასარგებლო დატვირთვასაც უნდა ატარებდეს. 

თუ თქვენ არ ხართ მნიშვნელოვანი მხატვრული კოლექციის ბედნიერი მფლობელი, არ გაქვთ პიკასო ან თუნდაც მატისი, ნუ მოიწყენთ, მათ როლს სარკეები შეასრულებს. 

სარკემ თანამედროვე დიზაინში ახალი როლი შეიძინა. აღარაა აუცილებელი ერთი დიდი სარკე გქონდეთ გარდერობში. პატარა, სხვადასხვა ფორმის სარკეები ან სარკის ნატეხებისგან შედგენილი კედლის პანოები ვიზუალურად გაადიდებენ ოთახებს და ჯადოქრულ ელფერს შექმნიან. დღეს ძალიან მოდურია მზის ფორმის სარკეები. ისინი შუასაუკუნეების ვენეციიდან გადმონაცვლდნენ და მინიმალისტურ ინტერიერებს ახლებურად აცოცხლებენ. 

აქტუალურია ასევე კედლის მხატვრული პანოები - აბრეშუმზე ბატიკის ტექნიკით შესრულებული აბსტრაქტული ნახატები. ისინი აღმოსავლურ სიმყუდროვეს გვანიჭებენ. 

მინიმალიზმი ძალიან კარგად ეხამება არტ დეკოს არაბესკებს. ნეიტრალურ, ღია ფერის ინტერიერში, არტ დეკოს სტილის სანათი სულ სხვა აქცენტებს დასვამს. ტახტის ბალიშები, არტ დეკოს სტილში მოხატული ბატიკის ბალიშისპირებით გაამდიდრებს ნებისმიერ ოთახს. 

შანდლები, როგორც სააბაზანოს დეკორატიული და ფუნქციონალური ელემენტები ასევე ძალიან აქტუალურია. დამღლელი დღის შემდეგ სანთლების შუქზე აბაზანის მიღება ის სიამოვნებაა, რომელსაც უპრობლემოდ მივანიჭებთ საკუთარ თავს. 

პორცელანის ფიგურები სადაო თემაა. ორიგინალი, ძვირადღირებული მინი ქანდაკებების იაფფასიანი რეპლიკანტებით ჩანაცვლებას არ გირჩევთ. ცუდი ტონია. 

მინიმალისტურ ინტერიერში შესაძლებელია ვინტაჟური ლარნაკები. ისინი ნეიტრალურ ფონებზე ცოცხალ აქცენტებს შექმნიან. 

საძინებელი უმჯობესია მშვიდი პანოებით მორთოთ. მათი ტონალობა საერთო ტონალობიდან ძალიან არ უნდა განსხვავდებოდეს. საძინებლებში ახლა საწოლის თავთან მდებარე კედლის დეკორირებაც მოდურია - აქ განსხვავებული ნახატის შპალერებს აკრავენ ხოლმე, რომლებიც პანოს როლს თამაშობენ.

სწორად შერჩეული დეკორატიიული ელემენტები, ნებისმიერ ძალიან სადა ინტერიერს საინტერესო და მყუდრო სახლად აქცევს.